English / ქართული / русский /
თამარ დოლიძე
ინოვაციური ეკონომიკის ძირითადი საკითხების თეორიული განზოგადება

ანოტაცია. ინოვაციური ეკონომიკა არის საზოგადოების ეკონომიკური ქცევის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ექვემდებარება დროსა და სივრცეში ცვალებადობას. განვიხილავთ ინოვაციურ ეკონომიკას ცივილიზაციურ მოდელებთან კავშირ-ურთიერთობაში. განვსაზღვრავთ ინოვაციური ეკონომიკის ცნების არსს და მის სემანტიკურ ასპექტს;

განვიხილავთ ი. შუმპეტერისა და ნ. კონდრატიევის ეკონომიკურ თეორიებს ინოვაციურ ეკონომიკასთან კავშირში; გაავანალიზებთ ნდობის ფაქტორზე დაფუძნებულ საზოგადოებრივ ფორმებს და მოვახდენთ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ფორმის იდენტიფიცირებას და განვსაზღვრავთ მაღალი ნდობის საზოგადოებრივ ფორმაში ინოვაციური ეკონომიკის ეფექტურ განვითარებას; ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანალიზებული იქნება ინოვაციური ეკონომიკის ინვესტირების საკითხი.

საკვანძო სიტყვები; ინოვაციური ეკონომიკა; პოსტინდუსტრიული საზოგადოება; პოსტკაპიტალიზმი; ნდობა; ფორმაციული მოდელი. 

შესავალი

ინოვაციური ეკონომიკა მომავლის ეკონომიკაა, რომელიც განპირობებულია საზოგადოების ევოლუციური განვითარების შედეგად. ვინაიდან ეკონომიკური მეცნიერების ფუნდამენტი მოთხოვნა-მიწოდების კანონია და საზოგადოება თავისი ბუნებით მუდმივად მიდრეკილია სიახლეებისადმი, ამდენად, ინოვაციური ეკონომიკა ამ კანონზომიერების შედეგია. საინტერესოა, ეკონომიკურ მეცნიერებაში თუ არსებობს მეცნიერთა შორის შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რა და რა დადგენილ კრიტერიუმებზე  დაყრდნობით მივიჩნიოთ ინოვაციურ პროდუქტად? რამდენად არის ძველი (უკვე ბაზარზე არსებული) საქონლისა თუ მომსახურების  ცოტათი, საშუალოდ, სრულად გაუმჯობესება ინოვაცია? რამდენად არის შესაძლებელი, არსებულის გაუმჯობესება მივიჩნიოთ ინოვაციად? თუ ინოვაცია არის სრულიად ახალი საქონელი და მომსახურება?

ვინაიდან უამრავი კითხვა და საკითხი არსებობს,  რომელიც  მეცნიერ-ეკონომისტთა საზოგადოებაში უწყვეტი განხილვის ფაზაშია, ამდენად, ინოვაციური ეკონომიკა არის აქტუალური საკითხი. ინოვაციური ეკონომიკის აქტუალობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ უმთავრესია ის, რომ  სწორედ ინოვაციურ ეკონომიკას  შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მომავალი საზოგადოების პოსტკაპიტალისტურ საზოგადოებად ფორმირებაში.

ინოვაციური ეკონომიკა თავისი არსითა  და  დანიშნულებით არის მეტად აქტუალური საკითხი, რადგანაც ყველაზე მეტად პასუხობს საზოგადოების მუდმივად მზარდ  სიახლეებზე ორიენტირებულ მოთხოვნილებებს.

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები რეალურად იმყოფებიან დეინდუსტრიალიზაციისა და რეინდუსტრიალიზაციის ფაზაში.  პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან მცირე რაოდენობის ქვეყნები იმყოფება რეინდუსტრიალიზაციის ფაზაში. აქედან გამომდინარე, ინოვაციური ეკონომიკის აქტუალობა სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის იძენს უდიდეს მნიშვნელობას. 

ინოვაციური ეკონომიკის უძირითადესი რესურსი არის მეცნიერება და მეცნიერებატევადი დარგები. ამ  უძირითადესი კრიტერიუმების მიხედვით ძალზე სავალალო მდგომარეობაა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. ამდენად, ინოვაციური ეკონომიკა აქტუალურია ამ მიმართებითაც, რადგანაც საკითხი შეეხება ინოვაციური ეკონომიკისთვის ისეთივე საჭირო წიაღისეულ საბადოებს, როგორიცაა მრეწველობისთვის ქვანახშირის, მანგანუმის, ნავთობისა და  გაზის საბადოები, იმავე მნიშვნელობისაა ინოვაციური ეკონომიკისთვის მეცნიერება და, მით უფრო მეცნიერებატევადი დარგების განვითარების ადეკვატური დონე. რადგანაც განვითარებადმა ქვეყნებმაც შეძლონ ღირსეულად ჩართვა მსოფლიო სამეურნეო სისტემაში. აქ კი გადამწყვეტი რესურსია სამეცნიერო  ტექნიკურ-საკონსტრუქტორო დამუშავებები და გამოგონებები. 

ინოვაციური ეკონომიკა წარმოადგენს  განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის ეკონომიკური საქმიანობის ტიპს, რომელიც დღეს ასეთი ფორმით არსებობს და მომავალში აუცილებლად შეიცვლება ეკონომიკური საქმიანობის სხვა ფორმით. თუ გავაანალიზებთ ვიკოს, ტიურგოს, კონდორსეს, სენ-სიმონის, ჰერდერის, ჰეგელის მოსაზრებებს, სტადიურ-ფორმაციულ მიდგომასთან მივალთ, რომელსაც ორი განშტოება აქვს _ ფორმაციული (მარქსი და ენგელსი) და  ლიბერალურ-მოდერნიზაციული.

ცივილიზაციის განვითარების ფორმაციული მოდელი ითვალისწინებს პირველყოფილი საზოგადოებიდან კომუნისტური საზოგადოებისკენ განვითარებას მარქსის ვარიანტით, ხოლო როსტოუ, ბელი, ტოფლერის მიხედვით, პირველყოფილი საზოგადოებიდან პოსტინდუსტრიული საზოგადოებისკენ. ისტორიული განვითარების სხვა კონცეფციებიდან საინტერესოა დანილევსკი, შპენგლერი, ტოინბი, კრებერი, კვიგლი, ბეგბი, კულბორნი, აიზენშტადტის ცივილიზაციური მოდელები. მეცნიერთა შეხედულებით, ისტორიული ცვლილებების სივრცე ერთიანი კი არ არის, არამედ ურთიერთისაგან იზოლირებულ ნაწილებად _ ცივილიზაციებად არის დაშლილი. აღსანიშნავია, რომ  ყველა ეს ნაწილი, პრინციპში, ერთნაირად არის მოწყობილი და მათ ციკლური სტრუქტურა აქვთ: ჩასახვა-ზრდა-აყვავება-გაბზარვა-დაშლა. ტოინბის თანახმად, ცივილიზაციები იბადებიან, იფურჩქნებიან, ბერდებიან და კვდებიან, მათი ნაშთები კი ახლად წარმოქმნილი და განვითარებადი ცივილიზაციების საზრდო ხდება [ჩოგოვაძე გ.,2003:25].

საგულისხმოა ტოინბის კონცეფციიდან ორი უძირითადესი კითხვა: 1) რა აიძულებს ცივილიზაციას სტადიიდან სტადიისაკენ სვლას? 2) რა არის ცივილიზაციის განვითარების თავისებური მამოძრავებელი?

ტოინბიმ ვერ შეძლო ამ კითხვებისთვის მკაფიო პასუხი გაეცა. მხოლოდ არსებობს სამეცნიერო წრეებში გაზიარებული  ვარაუდი, რომ ასეთი მამოძრავებელი პირველ რიგში ინფორმაცია და ინფორმაციული მიმოცვლაა. მეტად საგულისხმო ვარაუდია, რადგანაც ფაქტია, რომ დღეს  კაცობრიობის განვითარებული ნაწილი იმყოფება სწორედ ინოვაციური ეკონომიკის  სტადიაზე. ვინაიდან ადამიანი იმყოფება მუდმივცვალებადი სამყაროს ცენტრში, მინიმუმ,  ადამიანს  უნდა შეეძლოს ცვალებადი ეკონომიკური სიტუაციის პორობებში სწრაფი ადაპტირების უნარი და ეს ყველაფერი შეუძლებელია  ინოვაციური ეკონომიკის ძირითად საკითხებში სიღრმისეული გარკვევის გარეშე. სოციალურ მეცნიერებაში დროსა და სივრცეში სწრაფად იცვლება ცნებები, პრინციპები, თეორიები, მოდელები და ასე შემდეგ.

რასაკვირველია, ინოვაციის ცნების მნიშვნელობაც იცვლება. აღსანიშნავია, რომ ცნება ინოვაცია პირველად კულტუროლოგებმა გამოიყენეს XIX ს-ში. ი.შუმპეტერმა “ეკონომიკური განვითარების თეორიაში” 1912 წელს ინოვაცია განიხილა, როგორც მოგების  გადიდების სამეწარმეო ხერხი. მეცნიერ-ეკონომისტთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ეკონომიკური ზრდის უძირითადესი განმსაზღვრელი ტექნოლოგიური ნოვაციებია. მეცნიერულად დასაბუთებულია ის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომ ეკონომიკა ყოველთვის არ არის ტექნოლოგიური ნოვაციების მიმღები. ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ეკონომიკა მისი განვითარების გარკვეულ პერიოდებში იღებს ტექნოლოგიურ ნოვაციებს და დროის გარკვეული მონაკვეთის შემდეგ ტექნოლოგიური ნოვაციები გამოიმუშავებენ სოლიდურ დამატებულ ღირებულებას.

ნ. კონდრატიევმა იმ პერიოდებს, როცა ეკონომიკა კარგახსნილია ინოვაციებისთვის, ეკონომიკური კონიუნქტურის გრძელი ციკლები უწოდა, რაც ეკონომიკურ თეორიაში `კონდრატიევის გრძელი ტალღების (ან დიდი ციკლების)“ სახელით დამკვიდრდა. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგანაც მასზე  დაყრდნობით ი. შუმპეტერმა შეიმუშავა გრძელი ტალღების ინოვაციური თეორია და ეკონომიკური ზრდის ზოგად ინოვაციურ თეორიაში მოაქცია. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ ი. შუმპეტერის აღნიშნული თეორია გახდა ეკონომიკური ზრდის თანამედროვე ევოლუციური თეორიის საფუძველი.

ი.შუმპეტერი ზემოთ აღნიშნულ თეორიაში ამტკიცებდა, რომ ინოვაციები აჩენს  საქმიანი აქტივობის გრძელ  ციკლებს. შუმპეტერი ავითარებდა მოსაზრებას იმის  შესახებ, თუ როგორ შეინიშნება ეკონომიკაში ინოვაციების დანერგვის პერიოდში ე.წ `აღმშენებლობითი ნგრევა“, რომელიც ბაზრიდან განდევნის მოძველებულ ტექნოლოგიებს და მენეჯმენტის ძველ სტუქტურებს,  მათ ადგილს  ახალი, ტექნოლოგიურად აღჭურვილი დარგები იკავებენ, რაც იწვევს  ეკონომიკურ  ზრდას და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას.

ერთმნიშვნელოვნად, ინოვაციები ეკონომიკური განვითარების უალტერნატივო  საშუალებაა, რომელიც ეკონომიკის  ეფექტიანობასა  და შრომის ნაყოფიერებას ამაღლებს. უფრო მეტიც, პაულ ს. ადლერი სტატიაში წერს, რომ არსებობს ჰიპოთეზა იმის  შესახებ, თუ კაპიტალიზმი ანგრევს ტრადიციულ ნდობას და ხელს უწყობს თანამედროვე ნდობის წარმოშობასა და განვითარებას, შესაძლოა ვივარაუდოთ ახალი ფორმის საზოგადოების წარმოშობა [Adler P,2001:228].

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ მარქსის პარაფრაზირებით და გამდიდრებით შუმპეტერი წერს _ `კაპიტალიზმი ქმნის აზროვნების  კრიტიკულ ჩარჩოს, რომელიც მას შემდეგ, რაც დაანგრევს ასე მრავალი ინსტიტუტის მორალურ ავტორიტეტს, ბოლოს  შემობრუნდება საკუთარი თავის წინააღმდეგ: ბურჟუა აღმოაჩენს, რომ  რაციონალისტური მიდგომა არ ჩერდება მეფეების და მღვდლების  დონეზე  და უტევს კერძო საკუთრებას და ბურჟუას ღირებულებათა მთელ სისტემას. კაპიტალისტური პროცესი ანგრევს არა  მარტო საკუთარ  ინსტიტუციურ გარემოს, არამედ აგრეთვე  წარმოშობს შესაძლებლობებს სხვა სისტემისთვის. ამ ყველაფრის  შემდეგ  დანგრევა არ უნდა იყოს მთლად სწორი სიტყვა. შესაძლოა  ვისაუბროთ ტრანსფორმაციაზე. პროცესის გამოსავალი არ არის  უბრალოდ რაღაცის მოხდენა; საგნები და სულები  ტრანსფორმირდება ისე, რომ სულ უფრო მზარდად იქნება მიმართული ცხოვრების სოციალისტური ფორმებისკენ. ყოველი ქმედების  კაპიტალისტური  სტრუქტურა ანგრევს სოციალისტური გეგმის შეუძლებლობას [Schumpeter J.,1976(1942):143,162].

შუმპეტერის ნაშრომიდან კაპიტალიზმის, სოციალიზმისა და დემოკრატიის შესახებ ვრცელი ციტატის მოყვანა საჭიროდ  იმიტომ მივიჩნიეთ, რომ ეხება საზოგადოებრივი ფორმაციის ახალ ეტაპს _ პოსტკაპიტალიზმის ფორმირებას, რაშიც ინოვაციურმა ეკონომიკამ გადამწყვეტი  ამოცანები უნდა გადაჭრას.

ზემოთ აღნიშნული სტატიის ავტორი პაულ ს. ადლერი წერს, რომ შუმპეტერის თეზისი ცოცხალია და მისი რევიზია აუცილებელია.

ი. შუმპეტერის ხედვით, დიდმა კორპორაციებმა განავითარეს ინოვაციების ინსტიტუციონალიზაცია და რეგულაციური შეჯიბრებითობის  მნიშვნელობა. ტიპური შეჯიბრებითი კაპიტალისტური ფირმა, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს მეწარმე, პროგრესულად ჩანაცვლდა დიდი ბიუროკრატიული ფირმის  დისპერსიული მფლობელობით და პროფესიონალი მენეჯერებით. ბაზარი  თანდათანობით შეიცვალა იერარქიით. კაპიტალიზმის  საკუთარი განვითარება და კერძოდ მისი გადასვლა დიდ ბიუროკრატიულად ორგანიზებულ ფირმაზე, წარმოაჩენს კაპიტალიზმის  დისფუნქციობებს სულ უფრო მეტად  და ხდის ამით უსარგებლოს და  აუტანელს. კაპიტალიზმის, როგორც  საზოგადოების  ფორმის ლეგიტიმურობა, დაფუძნებული  პროდუქტიული  რესურსების  კერძო საკუთრებაზე, პროგრესულად ირყევა. უფრო მეტიც, იმავე პროცესის  მიხედვით, კაპიტალისტის  განვითარება “წარმოშობს შესაძლებლობებს სხვა” ინსტიტუციური ჩარჩოსთვის, რომელიც ანაცვლებს  კერძო მფლობელობას საზოგადოებრივი მფლობელობით _ სოციალიზმით [Adler P,2001: 228-229].

საგულისხმოა განვიხილოთ სურათი 1 _ საზოგადოებრივი ფორმების ტიპოლოგია,í რომელიც დაფუძნებულია ნდობის ფაქტორზე.

 

სურათი 1

(დაბალი ნდობის ფორმები მოთავსებულია დაბალ მარცხენა სამკუთხედებში. მაღალი ნდობის ფორმები _ ზემო მარჯვენა სამკუთხედებში)

წყარო: Market, Hierarchy, and Trust: The Knowledge Economy and the Future of Capitalism, Paul S. Adler, pp230. 

სურათის მიხედვით, საზოგადოებრივი ფორმები უნდა განვიხილოთ ბაზრის მაღალი და დაბალი კრიტერიუმით და იერარქიის დაბალი და მაღალი კრიტერიუმით.

სურათის მიხედვით, დაბალი ნდობის საზოგადოებრივი ფორმებია ასოციალური ჯგუფი, შეჯიბრებითი კაპიტალიზმი, ფაშისტური კორპორატივიზმი, სახელმწიფო სოციალიზმი.

მაღალი ნდობის საზოგადოებრივი ფორმები არიან ინდუსტრიული რეგიონები,ჱ პრიმიტიული კომუნიზმი, საბაზრო სოციალიზმი და დემოკრატიული დაგეგმვა [Adler P,2001:230].

თანამედროვე სამყაროში ნდობის ფაქტორი იძენს უმნიშვნელოვანეს მნიშვნელობას. მაღალი  ნდობის საზოგადოებრივი ფორმები, სადაც იქნება უფრო განვითარებული სხვა  ფაქტორებთან ერთად, იქ უფრო ხელსაყრელი პირობები იქნება ინოვაციური ეკონომიკის  განსავითარებლად. მაღალი ნდობის საზოგადოებრივი  ფორმები სადაც იქნება უფრო განვითარებული სხვა ფაქტორებთან ერთად, იქ უფრო ხელსაყრელი პირობები იქნება ინოვაციური ეკონომიკის  განსავითარებლად. მაღალი ნდობის  საზოგადოებრივი ფორმებიდან ყველაზე დიდი ალბათობით ყველაზე კარგად ინოვაციური ეკონომიკა განვითარდება საბაზრო სოციალიზმში, შემდეგ  ინდუსტრიულ  რეგიონებში და დემოკრატიული დაგეგმვის საზოგადოებრივ  ფორმაში. ზემოთ აღნიშნული ლოგიკური ანალიზის შედეგად ინოვაციური ეკონომიკის  განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ნიადაგი სკანდინავიის ქვეყნებს აქვს, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.

ინოვაციური ეკონომიკის ფუნდამენტია მეცნიერება, განათლების დარგი, ფუნდამენტური და გამოყენებითი დარგების განვითარების დონე, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, კომპიუტერიზაციისა და ავტომატური მართვის საკითხები, პატენტები, გამოგონებები, აღმოჩენები, ნოუ-ჰაუ. ეს არის ის ბირთვი, რაზეც დგას  ინოვაციური ეკონომიკა.

ამერიკულმა ორგანიზაციამ `რენდ ქორფორეიშენ“ 2016 წელს გამოაქვეყნა 150-ზე  მეტი სახელმწიფოს  სამეცნიერო პოტენციალის გამოკვლევის  შედეგი. საქართველო რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად ჩამორჩენილი ქვეყნების კატეგორიაში  მოექცა პანამასა და ბურკინა-ფასოს შორის. მაჩვენებლები, რომლითაც წარმოებდა შეფასება, ასეთი იყო: მეცნიერებაზე წლიური ხარჯები, გამოხატული მთლიანი შიგა პროდუქტის პროცენტით, მეცნიერთა რაოდენობა და სამეცნიერო  ორგანიზაციათა რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე გაანგარიშებით.

`რენდ ქორფორეიშენმა“ 2016 წელს გამოაქვეყნა ანგარიში ქვეყნების ინოვაციური პოტენციალის  შესახებ. გამოკვლეულ იქნა  ქვეყნების უნარი, 2020 წლისთვის  აითვისონ  16 უმნიშვნელოვანესი  (კრიტიკული) ტექნოლოგია  სხვადასხვა  სფეროში. საქართველო აღმოჩნდა  უსუსტესი  ქვეყნების  ჯგუფში (კამერუნი, ჩადი), რომლებიც შეძლებენ  16-დან არაუმეტეს ხუთის  ათვისებას.

2016 წელს მეცნიერებასა და კვლევა-დამუშავებებზე მსოფლიო მასშტაბით გაწეული  დანახარჯები ძირითადი ცენტრებისა და რეგიონების მიხედვით ასეთ სურათს ქმნიდა:

ცხრილი1

ქვეყანა

მლრდ დოლარი

ხვედრითი წილი %

ამერიკა

437,1

38,2

აშშ

83,5

33,6

აზია

386,9

33,8

იაპონია

144,6

12,6

ჩინეთი

142,5

12,5

ინდოეთი

24,1

2,1

ევროპა

280,2

24,5

სხვა ქვეყნები

39,0

3,4

სულ

1143,2

-

წყარო: RDD Magazine.www.rdmag.com 

მსოფლიოში სულ უფრო იზრდება ინოვატორი ქვეყნების რაოდენობა, სადაც მატულობს მეცნიერულ კვლევა-ძიებათა დაფინანსების მოცულობა. მეცნიერთა უდიდესი ნაწილის მოსაზრებით მეცნიერებატევადობა განვითარებულ ქვეყნებზე უფრო მეტად  ჩინეთში, ინდოეთსა და რუსეთში გაფართოვდება, რაც XXI საუკუნის  პირველ მეოთხედში მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი თავისებურება იქნება. ინოვაციური ეკონომიკისთვის  პერსპექტიული დარგები იქნება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, ბიო და ნანოტექნოლოგიებისა და კოგნიტური მეცნიერების კონვერგენცია. აქეთკენაა მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, ტექნოლოგიური ალიანსების ზრდა, ვენჩერული კაპიტალის ნაკადები და  სასწავლო კურსის შინაარსის შეცვლაც კი (А.Дынкин, Мировой кризис-импульс для развитии инновации,Uptp.ru/content/Disp-Art.php?Num=1892).

საინოვაციო საქმიანობის დაფინანსების დანახარჯები 2016წ.

ცხრილი2

რეგიონები

მშპტრლდოლ

დაფინანსებატრლნდოლარი

დაფ. ..მშპ-მიმართ,%

ევროზონის ქვეყნები

14,62

0,28

1,92

აშშ

14,22

0,38

2,67

ჩინეთი

8,46

0,14

1,65

იაპონია

4,31

0,15

3,14

ინდოეთი

3,50

0,024

0,69

დანარჩენი

26,32

0,166

0,63

მთელი მსოფლიო

71,43

1,14

1,59

წყარო: www.rdmag.com ; www.rian.ru 

სამეცნიერო წრეებში განხილვის საკითხია ინოვაციური ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია _ ინერციული ან ინოვაციური.

ინერციული სტრატეგია დაფუძნებულია ნეოლიბერალიზმისა და საბაზრო ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიას.

ინოვაციური სტრატეგია ემყარება ბიზნესს, საზოგადოებას, სახელმწიფოს ძალისხმევის კონცენტრაციას ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ათვისებაზე, მოძველებული საწარმოო აპარატის ინოვაციურად განახლებაზე, ინოვაციური ეკონომიკის  ფორმირებაზე, ინოვაციური პროცესების  გააქტიურებაზე. მეცნიერთა დიდი ჯგუფი უპირატესობას ინოვაციურ  სტრატეგიას ანიჭებს, რადგანაც მხოლოდ ინოვაციური სტრატეგიის შედეგი შეიძლება იყოს შრომის ნაყოფიერების  რამდენჯერმე ზრდა პოსტინდუსტრიულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, პირველადი (ბუნებრივი) რესურსების მოხმარების  აბსოლუტური  შემცირება და ბუნებაზე  მავნე ზემოქმედების  არსებითად შეკვეცა [Цветков В,2008:24–42].

ინფორმაციული ბაზრის განვითარება უძირითადესი ფაქტორია  ინტელექტუალიზაციისათვის, რომელიც `ახალ ეკონომიკას“ უქმნის საფუძველს. თანამედროვე სახელმწიფოების სიძლიერეს განაპირობებს არა მანჰეტენის ერთ კვ. მეტრზე ახალი ტექნოლოგიების კონცენტრაცია, არამედ ახალი ტექნოლოგიების ნამრავლი ეროვნულ ისტორიასა და კულტურაზე [Мальцев В,2006:22–24].

საინტერესოა განვიხილოთ განვითარებული ქვეყნების  განვლილი პერიოდი, რადგანაც ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. XIX-ს II ნახევარში და XX-ს დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკა განავითარა ევროპიდან შემოტანილი ტექნოლოგიებით. უახლოეს პერიოდში კი მსოფლიო ეკონომიკაში გაბატონებულ მდგომარეობას მიაღწია  ტექნოლოგიური უპირატესობისა და  წარმოების  პოტენციალის წყალობით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია  აშშ-ის გზას გაჰყვა და სწრაფი განვითარება  უზრუნველყო  დასავლური ტექნოლოგიების  დანერგვით. იაპონიამ დასავლური ქვეყნების  დონეს  მიაღწია  ისეთი მაგისტრალური ინოვაციების  წარმატებით  გამოყენების გამო, როგორიცაა ფოლადი, ავტომობილები, ნავთობქიმია, საფეიქრო ნაწარმი, ელექტრომოწყობილობა და მიკროელექტრონიკა. დარგობრივად ძალზე დატვირთული ინოვაციების ურთიერთქმედების  სინერგეტიკული  ეფექტის  წყალობით განვითარებული  ქვეყნების  ეკონომიკა  და კეთილდღეობა  სულ უფრო მატულობდა. ბოლო 100 წელიწადში  აშშ-ის მთლიანი  შიგა  პროდუქტი  30-ჯერ  გაიზარდა, იაპონიისა 80-ჯერ. საყურადღებოა, რომ  1950-1960-იან წლებში  იაპონიამ  შეძლო აშშ-სგან 100-წლიანი ჩამორჩენის დაძლევა სწორედ  ინოვაციურ-ტექნოლოგიური  გარღვევის  საფუძველზე. იგივე გზა განვლო  სამხრეთ კორეამ 1970-2000 წლებში და ამ პერიოდში  მისი საშუალო  წლიური  ზრდის ტემპი  10%-ზე  მაღალი იყო. დაახლოებით ამდენივე იყო  იაპონიის  ეკონომიკური  ზრდის  ტემპები 1950-1970-იან წლებში. ყოველივე აქედან  ცხადია, რომ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში  ნამდვილი  ინოვაციურ-ტექნოლოგიური  გარღვევა  მხოლოდ ორნიშნა  რიცხვებით  გამოხატული  ზრდის ტემპების  პირობებშია შესაძლებელი [Халтурита Д., Коротаев  А.,2009:141–162].

საზოგადოების განვითარების დღევანდელ  პოსტინდუსტრიულ ეტაპზე  მთავარ სიმდიდრედ ცოდნა ითვლება. უამრავი ტერმინი არსებობს სამეცნიერო ლიტერატურაში  საზოგადოების განვითარების ამჟამინდელი ეტაპის შესახებ: პოსტინდუსტრიული ეკონომიკა, ინოვაციური ეკონომიკა, ცოდნის ეკონომიკა, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა, ცოდნის საზოგადოება, ინტელექტუალური ეკონომიკა, მაღალ-ტექნოლოგიური ეკონომიკა, მაღალტექნოლოგიური ცივილიზაცია, ინფორმაციული ეკონომიკა,  ინფორმაციული საზოგადოება, ელექტრონულ-ციფრული ეკონომიკა, ახალი ეკონომიკა, ინტერნეტ-ეკონომიკა, პროგრამირებული ეკონომიკა, საზოგადოების  განვითარების ახალი ერა, ცოდნაზე დამყარებული ქსელური საზოგადოება, ქსელური წარმოების ეკონომიკა.  ყველა ეს ტერმინი  როგორც თვისებრივი, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, აკუმულირებულია ინოვაციურ ეკონომიკაში და შესაძლოა ამ ყოველივეს კრებსით გამოხატულებად მივიჩნიოთ  ტერმინი ინოვაციური ეკონომიკა.

ინოვაციური ეკონომიკის  ძირითადი საკითხებია:

1) ცოდნის ადგილი და როლი  ინოვაციურ ეკონომიკაში;

2) საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების  როლი  ინოვაციურ ეკონომიკაში;

3) ინტერნეტ-ეკონომიკა;

4) მომსახურების სფეროს  განვითარების  ტენდენციები  ინოვაციურ ეკონომიკაში;

5) მეცნიერება როგორც უშუალო მწარმოებლური ძალა და ინოვაციური ეკონომიკა;

6) ინოვაციური ეკონომიკის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობა და მისი ამაღლების გზები;

7) წარმოების რენტაბელობის  ნორმა და მოგების ნორმა ინოვაციურ ეკონომიკაში [ჩიქავა ლ.,2006:11-12].

ინოვაცია _ ეს არის  ორი კომპონენტის – ტექნიკისა და ბიზნესის  მჭიდრო ურთიერთკავშირის  ნაყოფი. როცა რადიკალური ცვლილებები  ტექნიკისა და  ტექნოლოგიის დონეზე ხდება, შუმპეტერი მას გამოგონებას უწოდებს, როცა ამ ცვლილებებში  ბიზნესი ერთვება, საქმე გვაქვს ინოვაციასთან [ჩიქავა ლ.,2006:12].

ვ. მედინსკი და ლ. სკამაი, ტ. ბრაიანის ნაშრომზე _ `მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების მართვა“ (მოსკოვი, 1989) _ დაყრდნობით აღნიშნავენ, რომ ინოვაციის ცნება, ეს არის  პროცესი, რომელშიც  ინტელექტუალური საქონელი – გამოგონება, ინფორმაცია, ნოუ-ჰაუ ან იდეა იძენს  ეკონომიკურ შინაარსს [Медынский В, Скамай Л, 2002:43].

ინოვაციური პროდუქტი უმეტესწილად ინტელექტუალური შრომის შედეგია. ინტელექტუალური პროდუქტებია: მეცნიერულ-ტექნიკური პროდუქცია _ იდეები, ჰიპოთეზები, თეორიები, აღმოჩენები, გამოგონებები, ნოუ-ჰაუ, საცდელ-საკონსტრუქტორო დამუშავებები, პროექტები, უახლესი ტექნიკის საცდელი ნიმუშები, ახალი (ტრადიციულისაგან არსებითად განსხვავებული) ნაწარმი; ინფორმატიკული პროდუქციაა _ პროგრამული დამუშავებები, მრავალფეროვანი რადიო და ტელეპროგრამები [ჩიქავა ლ.,2006:13].

ინოვაციური ეკონომიკისთვის დამახასიათებელია  მომსახურების სეგმენტის  გაზრდა, რისკიანობის მაღალი დონე და  დადებითი შედეგების მიღების  დიდი ალბათობა. სპეციალისტთა  გათვლებით, ინოვაციური კვლევის  სახეობებისა და  ხასიათიდან  გამომდინარე, დადებითი შედეგების მიღების  ალბათობა 5-დან 95%-მდე მერყეობს. ინოვაციურ დამუშავებათა  მხოლოდ 10% აღწევს  საბოლოო კონდიციამდე, დამუშავებათა 90% წარუმატებელია. აღნიშნული ფაქტორი მეტად ართულებს  ინოვაციური პროექტების დაფინანსებას. მით უფრო, ინოვაციური ეკონომიკა  ვენჩურული ანუ `სარისკო კაპიტალით“ ფინანსდება ძირითადად  და უპირატესობა ეძლევა  მეცნიერებატევადი დარგების დაფინანსებას.

ინდუსტრიული  და პოსტინდუსტრიული  ეპოქები ძირითადად მწარმოებლურ ძალთა  განვითარების დონით  განსხვავდება და არა ცოცხალი შრომის განივთებულ შრომასთან შეერთების წესით. ინოვაციურ ეკონომიკაში  კი მწარმოებლური ძალები  მაღალგანვითარებული სახით არის წარმოდგენილი. მეცნიერ-ეკონომისტთა შორის არის  ასეთი მოსაზრება, რომ ინოვაციური ეკონომიკა ფუნქციონირებს სულ სხვა  ეკონომიკური კანონების ბაზაზე ვიდრე ტრადიციული ეკონომიკა. ინოვაციური ეკონომიკა ტრადიციული ეკონომიკის წიაღიდანაა აღმოცენებული, ამდენად, შეუძლებელია იმართებოდეს  განსხვავებული  ობიექტური ეკონომიკური კანონებით, თუმცა შესაძლებელია  ადგილი ჰქონდეს  ამ კანონების  მოქმედების თავისებურებებს.

მეცნიერ-ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ინოვაციური ეკონომიკა მომავლის ეკონომიკაა. XXI საუკუნის დასაწყისში იგი მხოლოდ ფორმირების პროცესშია, რომლის კონტურები გამოიკვეთა  მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ  გლობალიზაციის პირობებში  ძალზე აქტუალური ხდება  ეროვნული ინოვაციური სისტემების შექმნა, რომლებიც ინოვაციურ პროდუქტებს შექმნიან ეროვნულ ფასეულობათა სისტემებზე, ეთნოკულტურულ  თავისებურებებზე დაყრდნობით.

დასკვნა

ზემოთ განხილული საკითხების შედეგად შესაძლოა  გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები:

ინოვაციური ეკონომიკა არის სამეცნიერო ტერმინი.

ცივილიზაციის განვითარების ფორმაციული მოდელის კონტექსტში ინოვაციურ ეკონომიკას აქვს ციკლური სტრუქტურა.

ინოვაციური ეკონომიკის შესახებ არსებობს ი.შუმპეტერისა და ნ.კონდრატიევის  ეკონომიკური თეორიები.

ინოვაციური ეკონომიკის შესახებ არსებობს თეორიული ბაზა და შესაძლოა მისი დანერგვა ეკონომიკურ პოლიტიკაში.

ი. შუმპეტერისეული  დოქტრინა კაპიტალიზმის შესახებ  წარმოშობს ახალი ტიპის საზოგადოებრივ ფორმაციას პოსტკაპიტალიზმს, რომლის სამეურნეო სისტემაში უდიდესი ადგილი ინოვაციურ ეკონომიკას უჭირავს.

ნდობის ფაქტორზე  დაფუძნებულ  საზოგადოებრივი  ფორმების  ტიპოლოგიაში  ყველაზე ეფექტურად განვითარდება ინოვაციური ეკონომიკა.

ინვესტირების თვალსაზრისით ინოვაციური ეკონომიკა განეკუთვნება მაღალრისკიან ბიზნესს.

გლობალიზაციის ეპოქაში ძალზე აქტუალურია ეროვნული ინოვაციური  სისტემების შექმნა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ჩიქავა ლ., 2006. ინოვაციური ეკონომიკა. თბილისი, `სიახლე“.
  2. ჩოგოვაძე გ., 2003. ინფორმაცია. თბილისი, `ნეოსტუდია“.
  3. Adler P. S., 2001. Market, Hierarchy, and Trust: The Knowledge Economy and the Future of Capitalism.Organization Science,vol.12, Issue 215-234.
  4. Schumpeter J., 1976 (1942). Capitalism, Socialism and Democracy.New York. ”Harper”.
  5. Мальцев В.А., 2006. Парадокс усама Бен Ладена. ВЭС,№1. ст 22-24.
  6. Медынский В.Г., Скамай Л.Г., 2002. Инновационное предпринимательство. М., ст43.
  7. Халтурита Д.А., Коротаев А.В., 2009. Мониторинг глобальных и региональных рисков 2008/2009. М.: УРСС, ст141-162.
  8. Цветков В.А. 2008. Инновационная экономика как форма постиндустриального развития. Промышленная политика РФ, №1, ст24-42.